ყაზახეთთან მოგებული (3:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა, მარკო როსიმ, უკმაყოფილება გამოთქვა მატჩის დასაწყისში დაშვებული შეცდომების გამო.
“ხაზგასმით უნდა ითქვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველივე წამებიდან მაქსიმალური კონცენტრაციის შენარჩუნება. არ გვინდოდა მატჩის ასე დაწყება და ასე სწრაფად გოლის გაშვება… ისევე, როგორც წინა თამაშში, კონტრშეტევები გამოგვეპარა. თუმცა წინასწარ ვიცოდით, რომ მეტოქეს სწრაფი შემტევები ჰყავდათ.
ახლა გოლი კუთხურიდან გავუშვით ფეხბურთელისგან, რომელიც გამოგვეპარა. ასეთი შეცდომები უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდება, დროული რეაქციაა საჭირო და ვფიქრობ, ბიჭებმა უკვე დაიწყეს ამ უნარის გამოვლენა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.
მაგრამ ისიც დავინახეთ, რომ საერთაშორისო დონეზე რეალურად ამხანაგური მატჩები არ არსებობს. ყაზახეთმა ჩვენ წინააღმდეგ ძალიან აგრესიულად ითამაშა. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ არ ვართ ელიტური ნაკრები და არ შეგვიძლია თამაში 100%-იანი კონცენტრაციის გარეშე. ვის წინააღმდეგაც არ უნდა გავიდეთ მოედანზე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ახალგაზრდა ფეხბურთელების როლს რაც შეეხება, რომელთაგან რამდენიმემ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაში ჩაატარა, მათი ნახვა მნიშვნელოვანი იყო ერთა ლიგის მოახლოებული თამაშებიდან გამომდინარე. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ გამოიყენეს ეს შანსი. ვფიქრობ, ბევრ სხვა პოზიციაზეც არიან ფეხბურთელები, რომლებიც შეგვიძლია, გამოვცადოთ”.
უნგრეთი – ყაზახეთი 3:1
გოლები: 0:1 მალი (9), 1:1 სობოსლაი (52), 2:1 შეფერი (67), 3:1 ტოტი (90+2)
გაძევება: სამოროდოვი (63, ყაზახეთი)
უნგრეთი: ბ. ტოტი (პეჩი 62), სტაილზი (ნადი 62), მარკგრაფი, ორბანი, ოშვატი (რ. ტოტი 76), შეფერი, ვიტალისი (კოვაჩი 61), სობოსლაი, ა. ტოტი (სიუჩი 46), რეჯიჩი (ლუკაჩი 46), ვარგა (ბარატი 84)
–
საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში მარცხის მიუხედავად (1:3), ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო’ნილმა, განაცხადა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი მზადაა ერთა ლიგისათვის. სწორედ ჩრდილოეთ ირლანდია ჩვენი პირველი მეტოქე ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყება.
“წავაგეთ დიდ გუნდთან, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. მე მაინც კმაყოფილი დავრჩი, რადგან ჩემი ფეხბურთელებისგან ვნახე ბრძოლის ჟინი და თავდადება. მომეწონა ის, თუ როგორ წარმოაჩინეს თავი ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. მინდა, ეს სულისკვეთება მათ სამომავლოდაც შეინარჩუნონ.
ჩვენი მიზანი ისეთი გუნდის შექმნაა, რომელიც ნებისმიერ ტურნირში ბოლომდე იბრძოლებს. მიმაჩნია, რომ საფუძველი ამას უკვე ჩავუყარეთ”, – თქვა ო’ნილმა.
lelo.ge
