ესაა ჩვენ შორის სხვაობა: თოფურიას და გეიჯის ინტერვიუ შელაპარაკებით დასრულდა – შენ გაკეთებას შეეცდები და მე გავაკეთებ

UFC Freedom 250-ის ბრძოლების კვირა კიდევ უფრო დაძაბული გახდა. ტურნირის მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა, ილია თოფურიამ და ჯასტინ გეიჯიმ The Pat McAfee შოუში ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერეს და… მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც წარმოგიდგენიათ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წამყვანმა მებრძოლებს ჰკითხა, რამდენად არის ეს დაპირისპირება მათთვის პირადული. კურიოზულად, ორივემ რადიკალურად განსხვავებული პასუხი გასცა.

ჯასტინ გეიჯი (UFC-ის მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი):

“ვფიქრობ, არაა აუცილებელი, პირადული იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებას ვეცდებით და ვფიქრობ, ეს უკვე საკმაოდ პირადულია. მაგრამ ეს ჩვენი სამუშაოა. მის პირადზე არასდროს არაფერი მითქვამს. მაგრამ ბრძოლის კვირეული, ჩვენ ძალიან სენსიტიურები ვართ, ძალიან ემოციურები ვართ და ამიტომ ყველაფერს პირადად ვიღებთ.

ამიტომ, რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს პირადად მიიღებდა. რაც არ უნდა თქვას, მეც ყველაფერს პირადად მივიღებ, რადგან თავს ისე ვგრძნობ, ვითომ რაღაც მაქვს დასამტკიცებელი…”

ილია თოფურია (UFC-ის მსუბუქი წონის სრული ჩემპიონი):

“შენგან პირადულად არაფერს მივიღებ, ამაზე ნუ ღელავ. და სწორედ ამაშია ჩემსა და შენს შორის განსხვავება: შენ ჩემთვის ზიანის მიყენებას ეცდები, მე კი რეალურად გატკენ. ეს არის განსხვავება ჩემსა და შენს შორის. შენ რაღაცის გაკეთებას შეეცდები და მე გავაკეთებ.

ყოველთვის მითქვამს: ჯასტინს, როგორც მეტოქეს, პატივს ვცემ. ვფიქრობ, რომ მან ამ სპორტში მაგარი რამ აქვს გაკეთებული. მაგრამ ჩემსა და მას შორის დიდი სხვაობაა. როგორც თავად თქვა, ის რაღაცის გაკეთებას შეეცდება, მე კი გავაკეთებ და შედეგს დავდებ. არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, უბრალოდ გავაკეთებ.”

ჯასტინ გეიჯი:

“[ილია] ნარცისია და ყველაფრის, რასაც ამბობს, სჯერა… ფიქრობს, რომ ღმერთია. ის ისეთივე ადამიანია, როგორიც მე. ვაპირებ ეს დავუმტკიცო. როცა მის ყბას მივწვდები, დაიძინებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა… შემიძლია ვიჯდე და ვიწინასწარმეტყველო, რომ მას მეორე რაუნდის მეორე წუთზე დავამარცხებ, მაგრამ სპორტში ასე არ ხდება. ოქტაგონში ზედმეტად ბევრჯერ ვარ ნამყოფი იმისთვის, რომ იქ რაიმე მოლოდინით მივიდე.

ჩემი მოლოდინი ისაა, რომ მსოფლიო დონის მებრძოლს ვებრძვი. მისი ბოლო სამი ფინიში აბსოლუტური სანახაობა იყო. წინ დიდი გამოწვევა მაქვს. 5-1 ანდერდოგი ვარ. რა თქმა უნდა, დანარჩენმა სამყარომ ჩამომწერა. მიყვარს ზეწოლა. მიყვარს ასეთი სიტუაციები. მიყვარს ის, რომ [ილია] ფიქრობს, რომ დამამარცხებს, რადგან როდესაც ბრძოლა მეორე და მესამე რაუნდში გადავა, იმაზე ფიქრს დაიწყებს, რომ ამდენი სისულელე ილაპარაკა”.

ილია თოფურია:

“მეორე და მესამე რაუნდი არ იქნება. ეს არ მოხდება. პირველ რაუნდშივე ვაპირებ, დაგანოკაუტო…

ვერაფერს იზამ. არსებობს მიზეზი, რატომაც მსოფლიო ჩემპიონი ვარ. რასაც ვამბობ, იმას ვამტკიცებ. ვლაპარაკობ და შედეგს ვდებ. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოვიგე. ახლა, აქ მე ვარ მეფე, მე ვარ ჩემპიონი და არა შენ. ასე რომ, მოკეტე. პირველ რაუნდში ვაპირებ, დაგაძინო. თვალი არ დაახამხამოთ, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება.”

მოგეხსენებათ, ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება 15 ივნისს UFC Freedom 250-ის ტურნირის მთავარი ბრძოლის როლს ითამაშებს. მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ამერიკელთან ტიტულის პირველ დაცვას შეეცდება.

betsson.sport

მსგავსი ამბები