ამ შანსს ვერანაირი ფული ვერ გადაწონიდა: სანდრო მამუკელაშვილმა სეზონი შეაჯამა

სანდრო მამუკელაშვილმა, რომელსაც NBA-ში ყველაზე ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა, გასული ჩემპიონატი შეაჯამა. ვიდეოში, რომელიც ქართველმა კალათბურთელმა youtube-ზე განათავსა, სანდრომ ის მომენტი გაიხსენა, როდესაც სან ანტონიოდან ტორონტოში გადასვლაზე დათანხმდა, შემდეგ კი, რეპტორსში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

გადაწყვეტილებაზე სან ანტონიო სპურსი დაეტოვებინა და ტორონტო რეპტორსში გადასულიყო: “ეს ნამდვილად რთული ნაბიჯი იყო, რადგანაც მიყვარს სან ანტონიო, იქ ყოფნა მომწონდა და თვითონ ორგანიზაციაც ძალიან მაგარი იყო. თუმცა, როდესაც აგენტმა ტორონტოს ვარიანტი შემომთავაზა, ის ძალიან საინტერესოდ მეჩვენა, პირველ რიგში, მწვრთნელის გამო. დარკო რაიაკოვიჩის სტილი ნამდვილად მომწონდა. მას თამაშის ფსიქოლოგიური ასპექტები ძალიან კარგად ესმის. მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ერთადერთი რეალური სცენარი იყო, რომლის განხილვაც ღირდა.

ჩემმა აგენტებმა მართლაც უდიდესი სამუშაო გასწიეს, რათა ჩემი თავის მერწმუნა, დამეჯერებინა, რომ გაცილებით მეტი შემეძლო, ვიდრე, მთავაზობდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ წინსვლის რესურსი კიდევ არსებობდა, ეს კი, შესაძლებლობას მომცემდა, რომ რეალურად NBA-ს როტაციის მოთამაშე გავმხდარიყავი. ძალიან აღელვებული ვიყავი, თუმცა, მათ ვენდე და ამის შემდეგ პერსპექტივაც დავინახე. მერე უკვე გადაწყვეტილების მიღებაც იოლი იყო.

მას შემდეგ კი, რაც დარკოს პირველად ვესაუბრე და გავიგე, მწვრთნელს ჩემგან რისი მიღება სურდა, ყველაფერმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ვერანაირი ფული ვერ გადაწონიდა შანსს, რომ შეგეძლო რეგულარული სეზონის 82-ვე მატჩში ჩაგეტარებინა და ამავდროულად, დარჩენილიყავი იმად, ვინც რეალურად ხარ”.

ტორონტო რეპტორსში გატარებულ 2025-26 წლების სეზონზე: “საოცარი წელი იყო. პლეი ოფში გავედით და ყველაფერი ძალიან მომეწონა. ბიჭებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი და კლუბმაც თავისი სიტყვა შეასრულა. სამწუხაროა, რომ სერიის მე-7 მატჩი ვერ მოვიგეთ და მეც პლეი ოფში იმდენი ვერ მოვახერხე, რაც მსურდა. დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულს შევძლებ, რომ კიდევ უფრო უკეთესი გავხდე და მომავალ სეზონში თავი მეტად გამოვიჩინო”.

თანაგუნდელებზე: “ისინი საოცარი ბიჭები არიან. ნამდვილი მეომრები გვყავს, რომელაც მხოლოდ გამარჯვების წყურვილი ამოძრავებთ და თამაშისას მაქსიმუმს აკეთებენ. განსაკუთრებული მადლობა სკოტი ბარნსს. ის უბრალოდ შეუჩერებელია. ბრენდონ ინგრემს მაგარი სროლა აქვს, სწრაფია და მოქნილი. წარმოუდგენელი პოზიციებიდან შეუძლია ჩაგდება. კოლინ მარი-ბოილსს საოცარი სადებიუტო სეზონი ჰქონდა. უბრალოდ, ყველამ დაიჯერა საკუთარი თავის და ბევრი იმუშავეს. ყველას ესმოდა, მოედანზე რა უნდა ეკეთებინათ. განსაკუთრებული მადლობა ყველა თანაგუნდელს, რომელთაგან მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობდი და მეხმარებოდნენ თამაშისას ის ვყოფილიყავი, ვინც რეალურად ვარ”.

ტორონტოზე: “ქალაქი ძალიან ლამაზია, თუმცა, ამინდი? სექტემბერში რომ თოვა დაიწყო, აპრილის ბოლომდე არ დასრულებულა. ეს საშინელება იყო. ქალაქი კი, როგორც აღვნიშნე მშვენიერია და ისიც, რომ სხვადასხვა ტიპის ხალხი ცხოვრობს, თავისებურ პეწს სძენს. კარგია, რომ ერთმანეთის მიმართ ყველა კარგად არის განწყობილი. ყველას ძალიან გაგვიხარდა, რომ ტორონტო ბლუ ჯეისი ბეისბოლის მსოფლიო სერიაში მოხვდა, ჩვენ პლეი ოფში ვიყავით და საფეხბურთო კლუბიც კარგად გამოიყურებოდა. საერთო ჯამში, მაგარი ქალაქია და აქ ყოფნა ძალიან მახარებს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ქომაგებს, რომელთაგან წარმოუდგენელ მხარდაჭერას ვგრნობთ. ბილეთები ყველა მატჩზე გაყიდული იყო და კარგი შედეგი გვქონდა თუ ცუდი, მაინც ჩვენს გვერდში იყვნენ. ყოველთვის, როდესაც მოედანზე გადიხარ, არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის თამაშობ. კანადაში ყოფნისას ეს ფაქტორი ყოველთვის უნდა გახსოვდეს”.

მამუკელაშვილისთვის რეპტორსში გადასვლა მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი გამოდგა, რადგანაც როტაციის მყარ მოთამაშედ იქცა და სტატისტიკაც საგრძნობლად გაიუმჯობესა. რეგულარულ სეზონის 80 მატჩში საშუალოდ 21.9 წუთი, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 პასი ჰქონდა, პლეი ოფში კი – 14.9 წუთი, 5.0 ქულა, 5.0 მოხსნა, 1.0 პასი.

ქართველი კალათბურთელის ტრანსფერით იხეირა ტორონტომაც, რომელმაც გასულ სეზონთან შედარებით 16-ით მეტი მატჩი მოიგო, პლეი ოფში კი მხოლოდ მე-7 შეხვედრაში დამარცხდა კლივლენდ კავალიერსთან.

მამუკელაშვილის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, მას რეპტორსში კიდევ ერთი სეზონით დარჩენა შეუძლია და ანაზღაურების სახით 2.8 მილიონი დოლარი ერგება, ხოლო თუკი ამ ვარიანტზე უარს იტყვის, თავისუფალი აგენტი გახდება.

betsson.sport

მსგავსი ამბები