მანუჩარ მარკოიშვილის მიერ გაწვრთნილმა მონაკომ ევროლიგის პლეი ინში ათენში პანათინაიკოსთან 79:87 წააგო, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება შანსი, რომ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვოს. საბერძნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
“პანათინაიკოსს გამარჯვებას ვულოცავ. ისინი უფრო ხისტად, მიზანმიმართულად და შეუპოვრად მოქმედებდნენ. ჩვენც ბოლომდე დავიხარჯეთ და დასკვნით წუთებამდე ვიბრძოდით, თუმცა, მეტოქემ მოხსნებში გვაჯობა და დაკარგვაც ბევრი გვქონდა, რაც წაგებად დაგვიჯდა. კარგია, რომ მონაკოს კიდევ ერთი შანსი ექნება, რაც რეგულარული სეზონის შედეგებით ნამდვილად დავიმსახურეთ.
მოგეხსენებათ, გუნდში კარგი ფინანსური სიტუაცია არ არის, თუმცა, ახლა, საქმე მაინც უკეთაა. ბიჭები ხელფასს იღებენ, მგზავრობასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს და ყველანაირი პირობა გაგვაჩნია, რომ უმაღლეს დონეზე ვიასპარეზოთ. ცუდი ისაა, რომ არაერთი მოთამაშე გვყავს ტრავმირებული, ეს კი, სეზონის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ძალიან დამაზიანებელია.
პრობლემების მიუხედავად, ბოლო მატჩების განმავლობაში კარგ ფორმაში ვიყავით, ამდენად, ის, რომ ამ ეტაპამდე მოვედით, სასწაული ნამდვილად არაა. ამ გუნდმა გასულ სეზონში ოთხთა ფინალში ითამაშა, ასე რომ, პლეი ინში გასვლას სასწაულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. აი, ის კი, რომ ამ ეტაპზე გუნდის მთავარი მწვრთნელი მე ვარ, ნამდვილად სასწაულია. წესით, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო”.
და რა შანსი აქვს ახლა მონაკოს? მარკოიშვილის გუნდი 24 აპრილს თორნიკე შენგელიას ბარსელონას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ევროლიგის მეოთხედფინალში გავა, სადაც რეგულარული სეზონის ჩემპიონ ოლიმპიაკოსს (საბერძნეთი) დაუპირისპირდება. მანუჩარი მონაკოელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მას მერე დაწინაურდა, რაც მარტში ვასილის სპანულისი გაათავისუფლეს.
betsson.sport
