ბუდუს და ჰაიდენჰაიმს არ გამოუვიდათ: წააგეს და გავარდნენ

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში შინ „მაინცს“ შეხვდა და წააგო – 0:2. ამის გამო მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. არადა, საჭირო იყო ამ ერთი თამაშის მოგება უმოტივაციო მეტოქესთან და შეიძლებოდა გადათამაშებაში მოხვედრილიყო.

ქართველი თავდასხმელი ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა. ბუდუ აქტიური იყო და ხიფათის შექმნას მუდმივად ცდილობდა, გამოსდიოდა კიდეც. პირველ ტაიმში მისი გამჭოლი პასით წესით ანგარიში უნდა გათანაბრებულიყო, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.
მეორე ტაიმში ერთ ეპიზოდში საჯარიმოში კარგად შევიდა და პენალტსაც ითხოვდა, მაგრამ მსაჯს უკარნახეს, რომ არ ღირდა დანიშვნა. დაახლოებით მე-80 წუთისთვის ორჯერ ჰქონდა შანსი, როდესაც ახლო მანძილიდან ჯერ ფეხით, მერე კი თავით ურტყამდა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. მოკლედ, არც ბუდუს გაუმართლა და არც „ჰაიდენჰაიმს“, რომელმაც ხარიხას ორჯერ მოარტყა ბურთი.

შეფასებები: Flashscore – 7.0; Sofascore – 7.4; Whoscored – 6.4.

ზივზივაძემ ამ სეზონში ჩემპიონატის 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ჰაიდენჰაიმი – მაინცი 0:2
გოლები: 0:1 ტიცი (7), 0:2 ამირი (43)

„ჰაიდენჰაიმმა“ ჩემპიონატი 26 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს.

მსგავსი ამბები