მარტის სანაკრებო შეკრებაზე ბევრი გაურკვევლობა იყო დაცვის ხაზთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობთ, ილია ბერიაშვილის დებიუტმაც ყველაზე ნაკლები კითხვა გააჩინა.
უნგრული მტკ-ს ცენტრალურმა მცველმა, მცირე ტრავმის მიუხედავად, ორივე შეხვედრაში აჩვენა, რომ ნაკრებში თამაშის პოტენციალი აქვს – სწრაფია, დროულად აზღვევს პარტნიორებს, კარგად თამაშობს “მეორე სართულზე” და იბრძვის თავდადებით.
“ლელოსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ილია ბერიაშვილი მარტის შეკრებასა და უშუალოდ მატჩებზე, ეროვნულ გუნდთან ადაპტაციასა და სხვა თემებზე გვესაუბრება…
სანაკრებო დებიუტი ყველასთვის ემოციურია. გილოცავთ!
როცა საქართველოს ეროვნული ჰიმნი ჩაირთო და სიმღერა დავიწყე, ჩემში ბევრმა ემოციამ მოიყარა თავი და მათ შორის ყველაზე მკაფიო იყო სიამაყის გრძნობა, რადგან ამდენი შრომის შემდეგ მომეცა უფლება, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის მეთამაშა. ამ ბედნიერებას ვერაფრით გადმოვცემ. მადლობა ვილი სანიოლს, რომ მენდო და შანსი მომცა.
ხანმოკლე შეკრების დროს შეთამაშება და ტაქტიკის სრულად ათვისება ძნელია…
ბუნებრივია, ერთ კვირაში ტაქტიკის სრულად ათვისება რთულია. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ სათამაშო სისტემას კარგად შევეწყვე.
გუნდში როგორ მიგიღეს? ნაკრების ბევრ მოთამაშესთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში გითამაშიათ და თუ დაგეხმარათ ეს ადაპტაციაში?
რა თქმა უნდა, დამეხმარა! ფეხბურთელების 80 პროცენტს შეკრებამდეც ვიცნობდი და გუნდთან შეგუება ამანაც გამიადვილა. კარგადაც მიმიღეს და ყველასგან ნდობა ვიგრძენი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებში ისეთი ვითარებაა, რომ თავისთავად, მარტივად ხდები მისი ორგანული ნაწილი, ყველა მეგობრული და თავმდაბალია, რაც გუნდთან შეწყობას ამარტივებს.
სანიოლი გურამ კაშიას შემცვლელს ეძებს, რაც საპასუხისმგებლოა მომენტია… თუ სანერვიულოც?
საპასუხისმგებლო ნამდვილად იყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სანერვიულო ნამდვილად არ არის. პირიქით, სასიამოვნოა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ვიგრძენი. გურამ კაშია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მის მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი.
ზოგადად, მარტის სანაკრებო შეხვედრებს როგორ შეაფასებთ?
რა თქმა უნდა, უკანა ხაზში შეთამაშება კიდევ გვაკლია. მაგრამ გამოჩნდა, რომ ყველანი მზად ვართ, ნაკრებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღოთ. უშუალოდ თამაშებს რაც შეეხება ისრაელთან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში უპირატესობა დავთმეთ, გოლებიც გავუშვით და ფრედ ვითამაშეთ. ლიეტუვასთან უფრო უკეთ გავუგეთ ერთმანეთს, ნაკლებ შეცდომებს ვუშვებდით და მთელი თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. საბოლოოდ, საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.
ემოციებმა უკვე გადაიარა და განვლილ თამაშებს გააანალიზებდით. გულწრფელად თქვით – შემდეგ შეკრებაზე გამოძახებას ელოდებით?
რა თქმა უნდა, ველოდები, შეკრება იმედიანად დავტოვე. ვფიქრობ საქართველოს ნაკრებს გამოვადგები, მაგრამ ვილი სანიოლის გადასაწყვეტია, გამომიძახებს თუ არა. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
lelo.ge
