სელტა მადონას მაისურს ეძებს ვიგოს კონცერტიდან – 36 წლის შემდეგ: მომღერალს დახმარებაც სთხოვეს

1990 წლის ზაფხულია. მადონა ვიგოში გამოდის, სტადიონი ჭკუაზე არაა, პოპ-დივა სცენაზეა „სელტას“ მაისურით.

თითქმის 36 წელი გავიდა. გალისიური კლუბი სწორედ ამ მაისურს ეძებს.

„სელტა“ მადონას მაისურს თავისი კოლექციისთვის ეძებს: კლუბმა მომღერალს მისწერა კიდეც

იმ საღამოს მადონა სცენაზე ავიდა „სელტას“ მაისურით, რომლის უკანა მხარეს 5 ნომერი იყო. ამ ნომერს მცველი ხოსე ესპინოსა ატარებდა. ეს 1988-1990 წლების სტანდარტული საშინაო მაისურია, რომბის ნიმუშით, მაგრამ სპონსორების გარეშე: Umbro-სა და Citroën-ის ლოგოები არ არის.

ფოტოგრაფ ვიქტორ დე ლას ერასის ფოტო საკულტო გახდა. მადონა ცისფერ მაისურში ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ფოტოდ იქცა როგორც კლუბის, ასევე ქალაქის ისტორიაში.

მაისურის ბედი მას შემდეგ უცნობია. „სელტა“ აღიარებს, რომ წლების განმავლობაში ცდილობდნენ მის პოვნას, მაგრამ უშედეგოდ. ახლა კლუბი დახმარებას ითხოვს ყველასგან, ვინც შეიძლება რაიმე იცოდეს ამ მაისურის შესახებ.

სურთ, რომ ის კლუბის კოლექციაში დააბრუნოს, როგორც მისი ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი. შექმნეს სპეციალური ფორმაც, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერს შეუძლია მაისურის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა.

„სელტას“ პრეზიდენტმა მარიან მოურინიომ (განსაკუთრებულის ნათესავი არ არის) მადონას ღია წერილი მისწერა, რომელშიც მას კონცერტი შეახსენა და დახმარება სთხოვა ძებნაში, იმ შემთხვევაში, იქნებ ლეგენდარულ მომღერალს ჯერ კიდევ აქვს ლეგენდარული მაისური.

„ჩვენი მიზანია დაგისვათ მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა: გაქვთ ეს მაისური? თუ იცით, სად შეიძლება იყოს, ან გსურთ შეუერთდეთ ძიებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ“, – წერს მოურინიო.

მადონა ვიგოში რომის კონცერტის გაუქმების შემდეგ ჩავიდა: მერმა მას 600 000 ევრო გადაუხადა

ვიგო ესპანეთის ათ უდიდეს ქალაქს შორისაც კი არ არის, თუმცა სწორედ აქ გამართა მადონამ თავისი ერთადერთი შოუ ქვეყანაში, მადრიდისა და ბარსელონას გარდა. თავდაპირველად ეს ქალაქი არ შედიოდა „ამბიციური ქერათმიანის ტურის“ მარშრუტში. შოუ გრაფიკს დაემატა რომში კონცერტის გაუქმების გამო, სადაც ვატიკანის ზეწოლა, ბილეთების გაყიდვების დაბალი მაჩვენებელი და გაფიცვის საფრთხე იყო.

კათოლიკურმა ორგანიზაციებმა მომღერლის შოუს დემონური და ღვთისმგმობელი უწოდეს სექსუალური გამოსახულებებისა და რელიგიური სიმბოლიკის კომბინაციის გამო. პაპმა იოანე პავლე II-მ მორწმუნეებს ბოიკოტისკენ მოუწოდა. სკანდალის ფონზე ბილეთების გაყიდვები დაბალი იყო და რომის კონცერტი საბოლოოდ გაუქმდა.

ამის შემდეგ ასპარეზზე გამოჩნდა ვიგოს მერი მანუელ სოტო. მან შესთავაზა შოუს „ბალაიდოსის“ სტადიონზე ჩატარება და დათანხმდა მადონას 100 მილიონი პესეტის (დაახლოებით 600 000 ევრო) გადახდას და ორგანიზებისთვის დამატებით კიდევ 30 მილიონი პესეტის (დაახლოებით 180 000 ევრო) გამოყოფას.

თუმცა, ბილეთების გაყიდვები მოლოდინს ჩამორჩა: 40 000-ზე მეტი ბილეთიდან დაახლოებით 20 000 გაიყიდა. შესაძლო მიზეზი იყო პრინცის კონცერტი მეზობელ ლა კორუნიაში, მადონას გამოსვლამდე ერთი დღით ადრე.

მაგრამ მომღერალმა მაინც მოხიბლა გალისიური პუბლიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სცენაზე „სელტას“ მაისურით ავიდა.

მსგავსი ამბები