ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ ჩაწერა ბუდუ ზივზივაძესთან, რომელმაც ბოლო ტურის წინ “ჰაიდენჰაიმის” იმედებზე, გავარდნის თავიდან აცილების შანსებზე, “ბაიერნთან” შესრულებულ დუბლსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა…
სულ რამდენიმე კვირის წინ, “ჰაიდენჰაიმის” მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, მაგრამ კარგი შედეგების სერიამ გუნდს საშუალება მისცა, თავიდან აეცილებინა პირდაპირი გავარდნა და პლეი-აუტში მოხვედრის შანსი გაუზარდა. როგორ მოახერხეთ სიტუაციის შეცვლა?
კვირიდან კვირამდე ფოკუსირებულები ვართ თამაშებსა და მოგებაზე, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ კიდევ გვაქვს შანსი, დავრჩეთ ბუნდესლიგაში.
თქვენი აზრით, როგორ მიუდგება გუნდი “მაინცთან” გადამწყვეტ მატჩს?
როგორც ბოლო რამდენიმე თამაშში, კვლავ ვიქნებით შეკრული გუნდი, ფოკუსირებული, კონცენტრირებული და ყოველ წამს მებრძოლი. ამ შეხვედრებში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით კიოლნში.
იმედი მაქვს, შაბათსაც იგივე იქნება. ვამაყობ, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს, რადგან ისინი ყოველთვის კონცენტრირებულები არიან, ყოველთვის იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, რომ “მაინცის” წინააღმდეგაც იმავეს გავაკეთებთ.
გუნდის გაზრდილი საბრძოლო სულისკვეთება ბოლო კვირების განმავლობაში აშკარა იყო. საიდან მოდის ეს?
ჩემს მოსვლამდეც ცხადი იყო, რომ ეს გუნდი არასდროს ნებდება. ვფიქრობ, ეს მათგან ვისწავლე. ადრეც მქონდა ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ახლა ბევრად უფრო ძლიერად ვგრძნობ. ვფიქრობ, ეს მწვრთნელისგან (ფრანკ შმიდტი) მოდის, რომელსაც საკუთარი თავის ყოველთვის სჯერა.
არ აქვს მნიშვნელობა, “ბაიერნს” ვეთამაშებით, “ლევერკუზენს” თუ “დორტმუნდს”, მას ყოველთვის გამარჯვება სურს და ეს არის ჩვენი მენტალიტეტი. ჩემს წინა გუნდებში ასეთი მენტალიტეტი არასდროს მინახავს.
რამდენდ განსაკუთრებული იყო თქვენთვის “ბაიერნთან” მიუნხენში დუბლის შესრულება იმის მიუხედავად, რომ თამაშის ბოლოს ანგარიში მაინც გაგითანაბრეს და მატჩი 3:3 დასრულდა?
ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშზე, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მათ წინააღმდეგ ორ გოლს გავიტანდი ისეთ სტადიონზე, როგორიც “ალიანს არენაა”. ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო.
ვფიქრობ, მეორე გოლის შემდეგ ჩვენი აღნიშვნა ნახეთ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან მთელი ჩემი ოჯახი სტადიონზე იყო. ისინი მატჩისთვის საქართველოდან საგანგებოდ ჩამოფრინდნენ. როდესაც მათ წინაშე ორი გოლი გავიტანე, ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო.
როგორ აფასებთ “ჰაიდენჰაიმის” შანსებს “მაინცის” წინააღმდეგ?
“მაინცი” კარგი გუნდია და ძალიან კარგ ფეხბურთსაც თამაშობს. ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ოდნავ მეტი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ. ისინი არასდროს ნებდებიან. ისინი ყოველთვის გვიჭერენ მხარს და ვფიქრობ, გიჟური შაბათი გველის.
დრამას ველოდები. მახსოვს, როცა “დორტმუნდს” ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა, ისინი “მაინცს” დაუპირისპირდნენ და 2:2 ითამაშეს. ჩვენ ტიტულისთვის კი არა, ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ვთამაშობთ. ყველაფერს გავაკეთებ ამ კლუბისთვის, რადგან ის იმსახურებს მთავარ დივიზიონში ყოფნას.
ეს თქვენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია?
მე ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ვითამაშე ეროვნული ნაკრებისთვის. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან როდესაც შენი ქვეყნისთვის თამაშობ, ეს განსაკუთრებული მომენტია. მაგრამ ეს თამაშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია – კლუბისთვის, ქალაქისთვის, ყველასთვის. ფეხბურთელები ამას კარგად ხვდებიან. ასე რომ, შაბათისთვის მზად ვართ.
შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელმაც ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “ბაიერნთან” “პარი სენ-ჟერმენის” გამარჯვებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში?
ის ორივე ნახევარფინალში მოედანზე საუკეთესო მოთამაშე იყო და ფინალშიც ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ მისით. საქართველოში ბევრი ფეხბურთელი, მათ შორის მეც, შთაგონებული ვიყავით იმ იდეით, რომ საქართველოდან ჩამოსულ ბიჭს შეეძლო ასეთ მაღალ დონეზე თამაში და ვიფიქრეთ: იგივე თავადაც რატომ არ უნდა ვცადოთ?
lelo.ge
