ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.
UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ჰყავდა.
ღონისძიებას თვით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.
თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება დღის ბოლო, მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიამ შეხვედრა გააჩერა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
პირველი რაუნდი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და “მატადორმა” რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა ბოლო წუთებზე ილიამ მეტოქე კუთხეში მიიმწყვდია და აშკარად დაჯაბნა.

მეორე რაუნდი ილიასი იყო, როცა მეტოქეს ცოტა დააკლდა დანებებამდე, მესამე რაუნდში გეიჯიმ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და შეიძლება ითქვას, რომ ამ რაუნდმა ბრძოლის შედეგი გადაწყვიტა.
გეიჯიმ ილიას სახის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მიუხედავად ექიმის მოწოდებისა, რომ ჩხუბი შეჩერებულიყო, ილიამ უარი განაცხადა და მეოთხე რაუნდშიც იბრძოლა, აი შემდეგ კი სახე ისე ჰქონდა დაზიანებული, ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი იყო.


ჩვენიანი ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო.
